logo
ENG



სამადაშვილი არ გამორიცხავს, ანაკლიის პორტზე ღარიბაშვილის განცხადება "ფუჭი სიტყვები იყოს"

12 დეკ 202215:02
3 წუთის საკითხავი
 

ლელოს წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ "ქართული ოცნება ავტოკრატიული რეჟიმის ხერხებით ცდილობს, გაანადგუროს ქვეყანაში ყველანაირი ოპოზიციური სიმძიმის ცენტრი", მათ შორის პარტია ლელო.

სამადაშვილი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დღეს მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. ღარიბაშვილმა ანაკლიის პორტზე საუბრისას ხაზარაძე-ჯაფარიძე ქვეყნის ძარცვაში დაადანაშაულა და თქვა, რომ პორტის აშენების მიღმა, მათი ზრახვა "გამდიდრებისა და ძარცვის იდეა იყო".

"ჩვენ ვიხილეთ მორიგ ჯერზე, რა თქმა უნდა, თავდასხმა ლელოს ლიდერებზე, რაც გაგრძელებაა იმ პოლიტიკური დევნის, შევიწროების, რაც უკვე რამდენიმე წელიწადია მიმდინარეობს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ და ხვალ ევროპარლამენტი უკვე მიიღებს ოფიციალურ ანგარიშს, სადაც პირდაპირ არის ასახული ეს რეალობა, რომ სწორედ პოლიტიკური დევნის, მართლმსაჯულების ობიექტები არიან მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ამიტომ გასაგებია აბსოლუტურად მოტივაცია, რაც აქვს ქართულ ოცნებას. ქართული ოცნება ავტოკრატიული რეჟიმის ხერხებით ცდილობს, გაანადგუროს ქვეყანაში ყველანაირი ოპოზიციური სიმძიმის ცენტრი, მათ შორის ლელო არის მათთვის მნიშვნელოვანი სამიზნე, იმიტომ რომ გარემოში, როდესაც ჩვენი თანამოქალაქეები მართლა ეძებენ ახალ პოლიტიკურ შეთავაზებას, რომელიც იქნება საინტერესო, ეს არის პირდაპირ შავი პიარი და პოლიტიკური თავდასხმა ჩვენს პარტიაზე, მაგრამ აქვე უნდა განვმარტოთ რა არის სიმართლე", - თქვა სამადაშვილმა ფორმულას ეთერში.

სამადაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ივანიშვილმა პირდაპირ რუსეთიდან მიიღო მითითება, რომ ანაკლიის პორტი ჩაშლილიყო.

"სწორედ ღარიბაშვილმა და მისმა პოლიტიკურმა პატრონმა, ბიძინა ივანიშვილმა გაძარცვა ქართველი ხალხი, იმიტომ რომ ჩაშალა ანაკლიის პორტის აშენება. ეს პორტი დიდი ხნის აშენებული იქნებოდა, ბიძინა ივანიშვილს რომ არ მიეღო პირდაპირ რუსეთიდან მითითება, რომ ეს პროექტი არ უნდა განხორციელებულიყო და ჩვენ ახლა, უკვე დაკარგული აქვს ქვეყანას უზარმაზარი შემოსავალი, ბენეფიტები, რომელსაც ყველა მოქალაქე მიიღებდა...საერთაშორისო ყურადღება დღეს ამ ჩაშლილი პროექტის მიმართ არის ძალიან დიდი, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, არამედ იმიტომ, რომ ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც დღეს ვართ, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა მიენიჭა ე.წ შუა დერეფნის განვითარებას, რომელიც თავს აარიდებს დამოკიდებულებას რუსეთზე და ამიტომ იყო, გეოპოლიტიკური მიზანი იყო რუსეთისთვის ამ პორტის ჩაშლა. ეს პორტი ჩაშალა ოცნებამ, ბიძინა ივანიშვილმა, კონკრეტულად დავალება მიიღო, რომ ეს არ უნდა აშენებულიყო და არ აშენდა", - აღნიშნა სამადაშვილმა.

სამადაშვილმა ასევე არ გამორიცხა, რომ პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება, რომ "ანაკლიის პორტი სახელმწიფოს 51%-იანი თანამონაწილეობით აშენდება", იყოს უბრალოდ "ფუჭი სიტყვები".

"მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს არის უბრალოდ ფუჭი სიტყვები, იმიტომ რომ ასეთი სიტყვები მოგვისმენია, მახსოვს, წინა მოწვევის პარლამენტში მოსმენა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, როდესაც ხმამაღლა გამოაცხადა მაშინდელმა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რომ ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდებოდა და თუ საჭირო იქნებოდა, სახელმწიფო თავად ააშენებდა. ამის შემდეგ წლები გავიდა, არც ერთი აგური არ გვინახავს დადებული ამ მიმართულებით, იმიტომ რომ რეალობა ის არის, რომ რუსეთის ამოცანა იყო ამ პორტის მშენებლობის ჩაშლა და ეს ამოცანა წარმატებით განუხორციელა, დავალება წარმატებით შეასრულა ქართულმა ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილმა", - თქვა სალომე სამადაშვილმა. 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით, საერთაშორისო ინვესტორ კომპანიებთან ერთად აშენდება და პორტის 51%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფო იქნება.


close დახურვა